“რაგბის თემმა დიდი დანაკლისი განიცადა...“ - ალბათ ასე დაიწყებოდა ოფიციალურ წერილთა უმრავლესობა, რომელბიც გურამ მოდებაძის, გარდაცვალებას გვაუწყებდნენ.
მე კი ვიცი, რომ, როცა ბურძგლაზე წერ და საუბრობ, შაბლონები და გაცვეთილი ფრაზები არ გამოდგება, რამე უფრო ნაღდი და გულწრფელი უნდა მოიფიქრო. გურამი თავად იყო ასეთი: მიღებული სტანდარტები სასაცილოდ არ ჰყოფნიდა და მუდამ გულის კარნახით მოქმედებდა.
მოდი, მაღალფარდოვანებას შევეშვები, პირდაპირ საქმეზე გადავალ და იმის მოყოლას შევეცდები, თუ რა დავკარგე მე და რამდენიმე ათეულმა ჩემნაირმა ბურძგლას ამ ქვეყნიდან წასვლით.
ეს ცხოვრება უამრავ ვალდებულებას გვაკისრებს: სახელმწიფო, სამსახური, ოჯახი, სამეგობრო, სამეზობლო და ყველა ის წრე, რომელსაც მეტ-ნაკლებად ვუკავშირდებით, რაღაც ნორმებისა და მოთხოვნების შესრულებას გვთხოვს. კარგი ბიჭი უნდა გაიზარდო, კარგი ოჯახი უნდა შექმნა, კარგი (ან რამენაირი მაინც) სამსახური უნდა იშოვო, გადასახადები უნდა გადაიხადო, ბებია მოინახულო, მეზობელს ღვინის დაწურვაში მიეხმარო, ძმაკაცს გვერდში დაუდგე და ა.შ. ამ ვალდებულებათაგან ბევრი სასიამოვნოცაა, მაგრამ მაინც იძულების ელფერი დაკრავს. თუ არ გინდა საზოგადოებსიგან გაირიყო, მათ პატივი უნდა სცე და შეძლებისდაგვარად შეასრულო. ბოლოს, ისე ვეფლობით ამ ვალდებულებში, რომ თავისუფლებისათვის დრო და ადგილი აღარ გვრჩება და ოცნებებსა და გატაცებებზე საბოლოოდ ვამბობთ უარს.
შეუცნობლად, მაგრამ ალბათ ზუსტად ამ თავისუფლების დასაბრუნებლად შევქმენით რაგბის მოყვარულთა კლუბი დევები, რამდენიმე წლის წინ, და, ბედნიერი შემთხვევის წყალობით, სწორედ გურამ მოდებაძე მოვიწვიეთ მწვრთნელად.
ბურძგლა ჩვენი მასწავლებელი, მეგობარი და მშობელი გახდა. მან ის თავისუფლება გვაპოვნინა, რომელსაც ქვცნობიერად ვეძებდით. დაგვაჯერა, რომ არაფერია ცუდი ოცნებასა და შეუძლებელისაკენ სწრაფვაში; რომ ჩვენც გვაქვს უფლება მორაგბეები გვერქვას და ამისათვის სულაც არაა აუცილებელი კარდიფის მილენიუმ სტადიონზე, გულზე მჯიღმიკრული, ეროვნულ ჰიმნს ვღრიალებდეთ; რომ ის დრო, რომელსაც ოჯახსა და სამეგობროს სავარჯიშოდ ვპარავთ არაა ფუჭად დაკარგული და არაფერს ვაშავებთ თუ ხანდახან მაინც გავურბივართ გაუთავებელ ცხოვრებისეულ ვალდებულებებს. გურამმა ეს საოცრად იოლად და ჩვენთვის შეუმჩნევლად შეძლო, თავად იყო თავისუფალი და იმიტომ.
ყველაზე მძაფრად ეს მაშინ ვიგრძენი, როდესაც მის დაკრძალვაზე აცრემლებული დევები ვნახე (მეც მათ შორის ვიყავი). საქართველოში სიკვიდლითა და დასფლავებით ვერავის გააკვირვებ, ეს ქართული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ამდენი ატირებული მამაკაცის ნახვა მაინც უჩვეულოდ მომეჩვენა და მივხვდი, რომ ბიჭები, გარდა უახლოესი ადამიანის დაკარგვისა, იმ უეცრად მოპოვებული თავისუფლების დაკარგვასაც მისტიროდნენ. თითქოს ბურძგლამ ჩვენი ცხოვრების ერთერთი ყველაზე საკრალური ნაწილი, ჩვენი სულიერი საზრდო გაიყოლა საიქიოს.
მაგრამ, საბედნიეროდ, თავისუფლების გრძნობა მოუწყვლადი რამაა. თუ უნარი გაქვს თავისუფალი იყო - იქნები კიდეც. ყოველივე ის, რაც ბურძგლამ ჩაგვინერგა სამუდამოდ დარჩება ჩვენში და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მრავალი შეცდომის არიდებაში დაგვეხმარება. ჩვენ არ უნდა გავხდეთ სტანდარტული და შაბლონური, ბურძგლამ დაგვიმტკიცა, რომ თვითმყოფადობას ალტერნატივა არ აქვს და ერთერთი უდიდესია ცხოვრებისეულ ღირებულებათა შორის.
ჩემი ცვხოვრება რამდნეიმე ადამიანმა შეცვალა, ერთერთი ბურძგლა იყო. მე მისი მუდამ მადლიერი ვიქნები.
P.S. ეს წერილი ბურძგლას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში დავწერე და რომელიმე გამოცემაში დაბეჭდვას ვაპირებდი, მაგრამ ვერ გავბედე, ჩავთვალე, რომ სათქმელი სრულყოფილად ვერ გადმოვეცი. მას შემდეგ რამენიმე თვე გავიდა და მივხვდი, რომ ამ სათქმელს სრულყოფილად ვერც ვერასდროს გადმოვცემ, ამიტომ გადავწყვიტე აქ მაინც გამოვაქვეყნო., ერთმა ადამიანმაც რომ გამიგოს - უკვე კარგია.
სიყვარულით
კოკოლოზა