Monday, March 19, 2012

ვარჩენ ქალურ სტრესს, არატრადიციული მეთოდით


წინასწარ გაფრთხილებთ: ამ თხზულებაში არ იქნება სექსისა და ძალადობის სცენები, ხოლო ის რაც თქვენ იფიქრეთ, სწორედ რომ, ტრადიციული მეთოდია.
მაშ ასე, ჩემი არატრადიციული მეთოდი.
ქვეყანაზე უამრავი გულდაწყვეტილი ქალია, ზოგი რაზეა ნაწყენი და ზოგი ვიზე, მიზეზს რა დალევს. ეგ რაა, უმიზეზოდ გულდაწყვეტილიც ბევრი მინახავს. თუმცა, მიზეზს რა მნიშვნელობა აქვს, როცა ადამიანი გასაჭირშია. უნდა დაეხმარო, გევრდში დაუდგე, გაამხნევო. როგორც წესი ჩემგან ნუგეშს კაცებზე გაბრაზებული ქალები ელიან, ისნი ვისაც "გული ატკინეს" ან "გული ძალიან ატკინეს".
რატომ მაინცა და მაინც ჩემგან? ალბათ იმიტომ, რომ სანდო პიროვნების შთაბეჭდილებას ვტოვებ, პირველივე შეხვედრისას "დაპყრობით" ომს არ ვიწყებ და ქალს ადამიანად აღვიქვამ.
ჯერ პატარას წაიწუწუნებენ და ამ წუწუნს სევდასა და კაეშანს ამოაყოლებენ ხოლმე. მეც ვხვდები, რომ რაღაცის თქმა უნდათ და მსმენელი არავინ ჰყავთ. ყურადღებასა და თანაგრძნობას ვთავაზობ და ისნიც იწყებენ (და, როგორც წესი, აღარ ამთავრებენ) თავისი გულისამაჩუყებელი ამბის წვრილად მოყოლას.
ამის შემდეგ, ვხვდები რა, რომ ადამიანს მართლაც უჭირს, შეხვედრას ვუნიშნავ სადმე ბუნებაში, ან მასთან ახლოს, საქმის ვითარებაში უკეთესად გასარკვევად. როგორც წესი, ეს შეხვედრა ყველაზე ემოციური და ხანდახან ცრემლიანიც გამოდის. თუმცა ალაგ-ალაგ საღი აზრიც გაიელვებს ხოლმე.
შემდეგ კი იწყება გაუთავებელი შეხვედრები, საუბრები, კითხვა-პასუხი და გამოსავლის ძიება. ჩემი "პაციენტები" რამდენიმე სეანსის მერე უკვე ღიად აცხადებენ, რომ ძალიან ვეხმარები და არაჩვეულებრივი პიროვნება ვარ. რომ ჩემთან ძალიან კარგია და ნეტავ ყველა კაცი ჩემნაირი სათნო და გამგებიანი იყოს.
ეს შეხვედრები ისეთ სისტემატიურ ხასიათს იღებს, რომ ჩემი ძვირფასი გოგონები ჩვენი ურთიერთობის სხვა შრეებზეც იწყებენ ფიქრს. განა ძველი, გულისმტკენელი, მამაკაცები ავიწყდებათ, არა, უბრალოდ გრძნობენ, რომ რაღაც საინტერესო ალტერნატივა გაჩნდა: ჭკვიანი, კეთილი, ერთგული, ყურადღებიანი ბიჭი, რომელსაც მისი ძველი ცოდვები (ესენი უკვე მოყოლილი აქვთ) სულაც არ მიაჩნია ცოდვად, სხვა კაცებისგან განსხვავებით.
მოკლედ, ფიქრობენ რომ ურთიერთობა ისეთი ინტენსიური და ახლო გახდა, რომ ლოგიკურად რაღაც უფრო საინტერესო უნდა მოყვეს. თბილი საუბრები და მეგობრული თერაპია, ახალი შეგრძნებებით უნდა გამდიდრდეს. მოკლედ, ჩემგან კაცურ ჟესტს ელიან.
ესაა მოლოდინი და ამას ითხოვს ლოგიკა, მაგრამ ჩემი მეთოდი ხომ არატრადიციული და ალოგიკურია. მე ჯიუტად ვაგრძელებ პირვალად ურთიერთობას და ვცდილობ სულ მეგობრული, თბილი და ყურადღებიანი ვიყო, მოვუსმინო და ვანუგეშო. კაცური ჟესტები რა მოსატანია!
ბოლოს საქმე იქმადე მიდის, რომ ამ ჩემ ნატანჯ პაციენტს ყელში ამოსდის ეგ შენი საუბრებიცა და სულიერი სითბოც. ნელნელა ჩემზე ნერვები ეშლება და ცდილობს უფრო იშვიათად შემხვდეს. საბოლოოდ კი ხვდება, რომ თურემ ძალიანაც ბადნიერი ყოფილა და გაუმართლა რომ ჩემნაირ იდიოტთან არ ჰქონდა ურთიერთობა. იმ ძველმა შეიძლება "გული ატკინა" მაგრამ ნამდვილი კაცი მაინც იყო.
ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ პაციენტი კმაყოფილი და განკურნილი ჩემი ცხოვრებიდან ქრება და თავის ძველ, ნამდვილ, კაცს უბრუნდება, ან ვინმე სხვას პოულობს პირველის მსგავსს.
და ყველა კმაყოფილია.
ამ მეთოდს ჯერ არ უღალატია.

სიყვარულით
კოკოლოზა