Tuesday, March 1, 2011

სტანისლავსკი


დღეს გაზაფხულის პირველი დღეა, იმ გაზაფხულისა, რომელსაც მერე ზაფხული უნდა მოჰყვეს და ჩემ ცხოვრებას აზრი დაუბრუნოს, ვიდრე შემოდგომა არ მოვა, რომელსაც აუცილებლად ზამთარი მოყვება და ჩემ ცხოვრებას კვლავ წაართმევს აზრს.
ევროპელი მეგობრები მედავებიან პირველი კი არა 21 მარტია გაზაფხულის პირველი დღეო და ამას გაუგებარი მიზეზებით ხსნიან. კი მაგრამ რის მაქნისია პირველი მარტი და მისი მომდევნო 20 დღე თუ გაზაფხული 21-ში მოვიდა?! არა ძმაო, ამ ევროპელებს ვერა აქვთ ყველაფერი წესრიგში.
თუმცა ეს ისე, შესავლისათვის. ამ წვიმიან დღეს სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი. წელიწადის დროებივით ცვალებადსა და კანონზომიერზე.
თეატრის ნიუანსებში ცუდად ვერკვევი, მაგრამ მგონი სტანისლავსკის სიტყვებია: თუ წარმოდგენის დასაწყისში კედელზე თოფი ჰკიდია, სპექტაკლის ბოლოს მან აუცილებლად უნდა გაისროლოსო. რატომ ბოლოს? აბა ადრე რომ გაისროლოს და ყველა დახოცოს მერე პიესას ვინღა ჩაამთავრებს! მაშ თავიდანვე რატომ ჰკიდია? იმიტომ, რომ მაყურებელს სულ რაღაცის მოლოდინი ჰქონდეს, იმედი მაინც.
ბოლო დღეებია ვცდილობ ეს თეორია თანამედროვე საქართველოს მოვარგო და რაღაც არ გამომდის. არათუ თოფი, ჯერ ის კედელიც კი ვერ მიპოვნია, რომელზეც შეიძლება იარაღი აღმოჩნდეს. რომელ მოქმედებაში ვართ ახლა და როდისაა სპექტაკლის ბოლო? ვინ გაისვრის და საით?
ვფიქრობ ამ ყველაფერზე და ჩემ სიბეცეს განვიცდი. ამდენი ხანია ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ასეთი უბრალო რაღაცეების დანახვაც კი ვერ ვისწავლე. არადა გამოცდილება ხომ სხვა არაფრისა მაქვს: მთელი ჩემი ცხოვრება ხან ერთი თოფი ისვრის ყველა მიმართულებით და ხან მეორე.
ასეა თუ ისე ყველა თოფი რომელიც დაჟანგებას გადაურჩება ადრე თუ გვიან გაისვრის და გული მიგრძნობს ეს გარდაუვალია.
შეიძლება ვინმემ უკვე დამასწრო, მაგრამ სტანისლავსკის ამ ფორმულის ვარიაცია მეც შევქმენი: თუ ეპიზოდის დასაწყისში ეკრანზე დიდი, მბზინავი ვიტრინა ჩანს, ეპიზოდის ბოლოს ის აუცილებლად უნდა ჩაიმსხვრეს. აი აქ კი ყველაფერი გაცილებით იოლია. ამ ბოლო დროს ვიტრინებით, მინებით, შუშებითა და აბაჟურებით ისე აივსო ეს ქალაქი, რომ სულ რომ უწყინარი არსება იყო, მაინც ხელი მოგექავება შურდულის ასაღებად.
ჯერ მარტო ორთაჭალის ახალ ხიდს (რომელსაც სიყვარულით ოლვეის ულტრას უწოდებენ) იმდენი ჩასალეწი მინა აქვს, რომ ალბათ ადგილობრივი ჯეელები სურვილით ფრჩხილებს იკვნეტენ.
ახლა ეს დავწერე და დავფიქრდი ზედმეტად დესტრუქციული ხომ არ ვარ მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი რომ არა, ზედმეტად არა. თეორიის თანახმად ხომ ეკრანზე გამოჩენილი მბზინავი ვიტრინა უნდა ჩაილეწოს, ეს ხიდი კი სწორედ ასეთი ვიტრინაა. მსხვილი ხედით, მუდმივ განმეორებადი, რეჟისორის საამაყო კადრი. ეს და სხვა ვიტრინები, რომლებიც მთელი ფილმის განმავლობაში დიდი სიხშირით ჩნდებიან ცისფერ ეკრანზე, ჩასამსხვრევად არიან განწირულნი.
და თუ ეს ასე არ მოხდა, არც ფილმი ვარგებულა, არც რეჟისორი და არც მაყურებელი. ჟანგიანი თოფი და მთელი ვიტრინა - რა შეიძლება იყოს ამაზე სევდიანი და მოსაწყენი?!

P.S. წერის დასრულებიდან ორიოდ საათში გავარკვიე, რომ თოფის ფორმულა სტანისლავსკის კი არა ჩეხოვის ყოფილა, მაგრამ გადავწყვიტე აღარაფერი შემეცვალა. ჩემი უმეცრებაც ხომ ამ ბლოგის ნაწილია და დამალვა მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა.

სიყვარულით
კოკოლოზა