90–იანი წლების ბოლოს უკრაინულმა ფეხბურთმა, ჩავარდნის შემდეგ, აღმასვლა დაიწყო. მახსოვს როგორ მშურდა მათი (მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთის სულშეხუთული გულშემატკივარი ვიყავი), როგორ მწყდებოდა გული, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩვენ კი არ ვიყავით პირველები, არამედ ეს რუსისმაგვარი ხალხი (სულელი ვიყავი). მინდოდა ყველა თამაში წაეგოთ და სულ მათ მოწინააღმდეგეებს ვგულშემატკივრობდი. არაფერმა უშველა: უკრაინული ფეხბურთი ევროპულის ღირსეული ნაწილია, ქართული კი – აზიურის უღირსი.
გუშინ, ტელევიზორის ყურებისას, ზუსტად ის დრო გამახსენდა და კიდევ ერთხელ დამწყდა გული, ოღონდ ახლა ათჯერ უფრო მტკივნეულად. ვერ ვიტყვი საინფორმაციო სამსახურის ჩანაფიქრი იყო თუ შემთხვევითობა, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ორი სიუჟეტი გავიდა ეთერში.
ჯერ ქართველი პარლამენტარი (თუკი ასეთი არსებობს) გამოდიოდა სიტყვით კოლეგების წინაშე. მის არც სახელსა აქვს მნიშვნელობა, არც გვარს და არც მრწამსს (მით უმეტეს რომ არც ერთი არ ვიცი), რადგან დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს სახელი და ამათგან მხოლოდ რამდენიმეს გააჩნია თავისი მრწამსი; დანარჩენებს მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომრებით თუ გამოარჩევ ერთმანეთისგან. ჰოდა, ეს უსახელო ბატონიც, სახელიანი ბატონების სიტყვებს იმეორებდა, თან შესაშური არტისტიზმით, მონდომებითა და მათი გულის მოგების დიდი სურვილით." ... ჩვენ გზებსაც გავიყვანთ, განათებულ ხიდებსაც ავაშნებთ და ამ ქვეყანასაც ავაყვავებთ, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ქმნის სამუშაო ადგილებს" – ეჩხუბებოდა კოლეგებს პარლამენტარი #ყ005948. თუმცა საჩხუბარი რა ჰქონდა გაუგებარია, რადგან გარშემო სულ მისნაირები ისხდნენ და საწიინააღმდეგო აზრი არც კი გაუვლიათ თავში აგერ უკვე 7 წელია (თუ გაცილებით მეტი არა). უსხელო პარლამენტარ #ყ005948–ში მაშინვე სახელიანი ბატონი შევიცანი, აი ის ხმამაღლა რომ არ ითქმის და დედამიწას რომ უყვარს. და უცებ...
მოქმედებამ უკრაინის პარლამენტში, იგივე რადაში გადაინაცვლა. და, ჰოი საოცრებავ, უსახელო პარლამენტარის ლაყე სიტყვების ნაცვლად რადაში ლაყე კვერცხები დაფრინავდნენ და დიდი აურზაური იყო. საბრალო პარლამენტის თავმჯდომარე ქოლგითღა იცავდა თავს მფრინავი კვერცხებისაგან და განძრევასაც ვერ ბედავდა. რა დააშავა ასეთითქო?! გავიფიქრე და იქვე განმიმარტეს – მოდი რუსეთის ფლოტი კიდევ 25 წლით დავიტოვოთ სევასტოპოლშიო – უთქვამს. უთქვამს და ოპოზიციაც გადარეულა, დაუვლიათ კვერცხებისთვის ხელი და დაუშენიათ (მოგეხსენებათ, რადის ყოველ თავმოყვარე წევრს 3–4 ლაყე კვერცხი მუდამ თან უნდა ჰქონდეს).
ვუყურე, ვუყურე და იმის მაგივრად, გამეცინა ან შევშფოთებულიყავი – გული დამწყდა. მეწყინა რომ მსგავსი სიველურე ჩვენ პარლამენტში არ მოხდება, რომ ესეც კი სანატრელი გვაქვს, რომ პარლამენტარ #ყ005948–ს, ისევე, როგორც მის წინა და შემდეგ ნომრებს, არასოდეს გაუჩნდებათ უსამართლობაზე პროტესტის გრძნობა, არასოდეს ესვრიან ლაყე კვერცხს უღირს ადამიანებს და მუდამ თავისი სახელიანი ბატონების უსახელო თუთიყუშებად დარჩებიან.
როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში, დიდი ხნის აყროლებულმა სათავემ დანარჩენი მდინარეც ააყროლა.
სიყვარულით
კოკოლოზა