რა ჯობია კეთილი საქმის კეთებას, მით უმეტეს, რომ კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, ეს უფრო და უფრო ადვილი ხდება . სოციალური ქსელი "ფეისბუქი" ადამიანის გაკეთილშობილების საქმეში ერთ–ერთი მედროშეა. მეტიც, ამ არაჩვეულებრივი გვერდის წყალობით თავი უკვე გმირი მგონია. ჩარვთავ კომპიუტერს, შევალ ფეისბუზე და... მარჯვენა მაღალი კუთხე სავსეა ღირსეული შემოთავაზებებით.
"გადავარჩინოთ კინოთეატრი აპოლო" – ასეთი წინადადება მივიღე ამ ცოტა ხნის წინ. დავფიქრდი, გონებაში არა და ჰო ავწონ–დავწონე, ვთქვი რატომაც არა მეთქი და დავეთანხმე. ვაშა! კინოთეატრი "აპოლო" გადარჩა! ასეთივე წარმატებით დავეხმარე ჰატიზე სტიქიით დაზარალებულებს, წითელ წიგნში შესულ ცხოველებს, პოლიტპატიმრებს, აივ/შიდს–ით ინფიცირებულ ბავშვებს, კვლავ დავამეგობრე აფხაზი და ქართველი მოსახლეობა, დავშალე (უფრო სწორად – ჩამოვშალე) ბაგრატის ტაძრის აღსადგენად აშენებული ხარაჩოები და მრავალი სხვა. იმის ჩამოთვლა თუ რამდენ მანკიერებას გამოვუთქვი ჯანსაღი პროტესტი ძალიან შორს წამიყვანს, თუმცა ზოგს მაინც მოვიგონებ: წინ აღვუდექი ომს ცხინვალის რეგიონში, აგრესორ რუსებს გავუუქმე და საოცნებოდ გავუხადე სოჭის ოლიმპიადა, გავაპროტესტე საწვავის ხელოვნურად აწეული ფასები, დავაფსი ქართულ ესტრადას და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენმა დიადმა საქმემ გადაიარა ჩემ მხრებზე.
"ფეისბუქის"დახმარებით ყველას შეუძლია გმირი გახდეს და სიკეთე თესოს დედამიწაზე, მთავარია, არ დაგეზაროს და ყველა კეთილშობილურ შემოთავაზებას დაეთანხმო. შემოთავაზებათა რაოდენობა მეგობრების რაოდენობაზეა დამოკიდებული, მრავალი მეგობრის ყოლა კი, მოგეხსენებათ, უკვე თავისთავად ღირსეული და კეთილი საქმეა.
ვინ თქვა თანამედროვე ადამიანი მარტო და უძლურიაო? ვინ თქვა კაცობრიობა ტექნიკამ ჩაყლაპაო? ვინ თქვა 21–ე საუკუნეში სიკეთისა და გმირობისათვის აღარავის ცხელაო? რომელმა სულელმა წამოროშა ეს?! 21–ე საუკუნე სწორედ რომ სიკეთისა და გმირობის საუკუნეა, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყველაფერი იგივეგვარად იყოს, როგორც, მაგალითად, მე–12–ში! ამ აჩაქარებულ სამყაროში სად გვცალია აქეთ–იქით სარბენად! ჩვენ ჩვენებურად გვესმის სიკეთეც და პროტესტიც.
დახმარება გჭირდებათ? – გავიღვიძებთ, ხელ–პირს დავიბანთ (თუმცა ყველანი არა), ვისაუზმებთ, ჩავრთავთ კომპიუტერს, შვეალთ "ფეისბუქზე" და ჩვენი თავი გენაცვალოთ, თქვენ გვერდით გვიგულეთ.
P.S. მეგობარი, რომელმაც ჩემ "ფარმვილში" სასუქი შემოიტანა და ქათმებს აჭამა, ნამდვილი სამარიტელია.
სიყვარულით
კოკოლოზა